7 საუკეთესო სტუდენტს, რომლებიც გაივლიან შერჩევას, დააფინანსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და დაფარავს მათი 3-კვირიანი პროგრამის სწავლისა და საერთო საცხოვრებლის (კვებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის სავალდებულო მინიმალური პაკეტის ჩათვლით) ხარჯებს.*
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე (სწავლების სამივე საფეხურის) აპლიკანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ ადმინისტრაციულ და ფინანსურ წინაპირობებს:
აქვთ GPA არანაკლებ 3.2-სა სწავლების მიმდინარე საფეხურზე (2024-25 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მონაცემებით)
ვისთვისაც 2025 წლის გაზაფხულის სემესტრი არ ითვლება დამამთავრებლად
ფლობენ ინგლისურის ენის ცოდნის დამადასტურებელ შემდეგ დოკუმენტთაგან ერთ-ერთს (რომელიც გაცემულია არაუადრეს 2023 წლის 1 იანვრისა):
ა) TOEFL – 100 ქულა ინტერნეტზე დაფუძნებულ TOEFL iBT ტესტზე, მათ შორის TOEFL iBT Home Edition-ის ვერსიაზე.
ბ) საერთაშორისო ინგლისური ენის ტესტირების სისტემა (IELTS) აკადემიური* – 7.0, მათ შორის IELTS აკადემიური ონლაინ ტესტი.
გ) PTE Academic ტესტი (PTEA) – 70
დ) Duolingo ინგლისურის ტესტი (DET) – 125
არ ჰქონიათ დისციპლინური გადაცდომა თსუ-ში სწავლის პერიოდში და თანახმა არიან ჰარვარდში მოქმედი სტუდენტურ ქცევათა კოდექსის დაცვაზე, რომელიც ხელმისაწვდომია აქ;
შესრულებული აქვთ ჰარვარდის საზაფხულო სკოლის ფარგლებში არჩეული საგნების აკადემიური წინაპირობები (ისეთ კურსზე/კურსებზე რეგისტრაციის შემთხვევაში, რომელიც წინაპირობით შეზღუდულია);
ფლობენ საკმარის ფინანსურ რესუსებს (ან ჰყავთ სპონსორი), რომელიც დაფარავს ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში სწავლასთან, აშშ-ში მგზავრობასთან, ცხოვრებასთან, სასწავლო მასალის შეძენასთან, დაზღვევასთან დაკავშირებულ და ყველა სხვა შესაძლო ხარჯს.
ჰარვარდის საზაფხულო სკოლის პროგრამა წარმოადგენს აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საზაფხულო სასწავლო პროგრამას, რომელიც 1871 წელს დაარსდა. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, ისწავლონ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებისგან და ცნობილი მეცნიერებისგან, ასევე შექმნან საერთაშორისო პროფესიული კავშირები.
*თსუ-ს დაფინანსებული სტუდენტები ვალდებული იქნებიან თავად დაფარონ სხვა ხარჯები, მათ შორის: სამოგზაურო დაზღვევა, სავიზო მოსაკრებელი, I-901 SEVIS რეგისტრაცია, მგზავრობა და სხვა შესაძლო ხარჯები.
დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაციისთვის: https://www.tsu.ge/ka/foreign-relations/current-exchange/2687